კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
ყველაფერი დისლიპიდემიის შესახებ │ თეა მარტიაშვილი
21/07/2023


დისლიპიდემია არის ლიპიდების დისბალანსი, როგორიცაა სისხლში ლიპოპროტეინების მიერ ტრანსპორტირებადი ლიპიდების (ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები, ან ორივე ერთად) პათოლოგიურად მაღალი მაჩვენებელი.

ლიპიდების, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს. მაჩვენებლები, ქალებთან შედარებით, მამაკაცებს შორის მცირედით უფრო მაღალია, თუმცა ქალებს შორის მისი მატება მენოპაუზის შემდეგ ვლინდება. ასაკთან დაკავშირებული ლიპოპროტეინების რაოდენობის მატება დისლიპიდემიას განაპირობებს და ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (მსლპ) – კარგი ქოლესტეროლის – მომატებული მაჩვენებელი სასარგებლოა და პათოლოგიად არ ითვლება.

ჯანმრთელობის რამდენიმე ქცევას შეუძლია გავლენა მოახდინოს და გაზარდოს ლიპიდების დონე. მაგალითად:

  • თამბაქოს მოხმარება.
  • ფიზიკური უმოქმედობა.
  • კვება და სიმსუქნე.ბკერძოდ, კვებითი რისკ ფაქტორები მოიცავს ხილის, თხილის/თესლების, ბოსტნეულის არასაკმარის მოხმარებას ან გაჯერებული ცხიმების დიდ მოხმარებას.
  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება.

დისლიპიდემიით გამოწვეული დაავადებები და გართულებები:

პირველ ადგილზეა კარდიოვასკულური დაავადებები:

  • ინფარქტი
  • ინსულტი
  • კორონარული არტერიების დაზიანება
  • კაროტიდული არტერიების დაზიანება
  • გულის უეცარი გაჩერება
  • პერიფერიული არტერიების დაზიანებები
  • მიკროვასკულური დაავადებები

ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:

  • ღვიძლის გაცხიმოვნება
  • პანკრეატიტი
  • პირველადი ბილიარული ქოლანგიტი

ასევე, იწვევს გართულებებს შემდეგი დაავადებებისას:

  • საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი
  • ჰიპოთირეოზი
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები
  • დიაბეტი

სიმპტომები:

სისხლში ლიპიდების მომატებული რაოდენობა, ჩვეულებრივ, სიმპტომებს არ იწვევს. ზოგჯერ, როდესაც მაჩვენებლები განსაკუთრებულად მაღალია, ცხიმი ლაგდება კანსა და მყესებში და ქმნის ბორცვისებურ შემაღლებებს, რომელთაც ქსანთომები ეწოდება. ტრიგლიცერიდების მნიშვნელოვნად მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია ღვიძლისა და ელენთის ზომის მატება გამოიწვიოს და გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი. პანკრეატიტმა შესაძლოა მუცლის ძლიერი ტკივილი განაპირობოს და ფატალურიც კი აღმოჩნდეს.

მკურნალობა / მართვა/ პაციენტის განათლება

პაციენტებმა უნდა აღიარონ და დაიცვან ჯანმრთელობის სპეციფიკური ქცევები, რომლებსაც შეუძლიათ ლიპიდების დონის შენარჩუნება და შემცირება. დისლიპიდემიის საწყისი მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას. დიეტას, წონის კონტროლს, საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმების შემცირებას, აქცენტი კეთდება ბოსტნეულის, ხილისა და მარცვლეულის მიღებაზე შესაბამისი კალორიული მოთხოვნილების ფარგლებში, მწეველებისათვის – თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ასევე მოზრდილებმა უნდა მიიღონ ზომიერი და ენერგიული ფიზიკური დატვირთვა კვირაში 3-დან 4-ჯერ მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში.